ქრისტესმიერ საყვარელ შვილებს, სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას, ქართველ ხალხს, მინდა მივმართო მათდამი უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით.
მე როგორც ერთი რიგითი ქართველი ადამიანი შეშფოთებული ვარ იმ მოვლენებით, რაც ხდება დღეს საქართველოში. ჩვენს წინაშეა და სახეზეა ის რეალობა თუ როგორ მიაღწია ჩვენმა ისტორიულმა მტერმა რუსეთის იმპერიამ თავის საწადელს. დაყო და დაქსაქსა ქართველი ხალხი და მისი სულიერი თუ ფიზიკური აზროვნება.
ზოგნი ფანატიკოსები გახადა, ზოგი კი ლიბერალები, ორთავე დამღუპველია ჩვენთვის. სახეზეა ის, რომ ერთობა დაკარგულ საქართველოში ადვილად გვიპყრობს და გვიმონებს მტერი. ზოგნი ეკლესიის მსახურთ ლანძღავს, ზოგი ღმერთს გმობს და მამონას ადიდეს, ზოგი კი ხელისუფლებაში ხედავს ბოროტს, ზოგი კი პარტიებს თუ სხვადასხვა დაჯგუფებაში ხედავს მათ მტერს. სინამდვილეში კი ეშმაკი ხარობს ამ არეულობით და მტერი ერთმანეთი გვგონია.
არ მინდა ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს ისე რომ თითქოს მე რუსი ხალხის მოწინააღმდეგე ვიყო. მე მიყვარს რუსეთი და მისი ხალხი, როგორც ყველა დანარჩენი ერი დედამიწაზე მცხოვრები, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა. მაგრამ არ მიყვარს რუსეთის, თუ სხვა იმპერიები, რომლებიც ძალადობენ და ერჩიან კაცობრიობას, განსაკუთრებით კი პატარა ერებს. გათიშე და იბტონე. აი ეს არის მათი დევიზი. სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში რუსეთის იმპერიამ ეს მოახერხა, გაგვთიშა პოლიტიკურადაც და სულიერადაც. აბა რა უნდა ეწოდოს იმას რაც ხდება დღეს, მიტინგებზე თუ ტელევიზიით, ლანძღავენ სულიერ თუ საერო მოძღვრებს და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ მართლებიო... განა შეიძლება ლანძღო პატრიარქი სასულიერო პირები და შემდეგ ელოდო ცხოვრებაში რაიმე სიკეთეს ან წარმატებას მიაღწიო?.
თუმცა მე არ ვუარყოფ იმას რომ, ჩვენც ცოდვილები ვართ და საკმაოდ ცოდვილები, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს და ღმერთი გვპატიობს. თქვენ კი ლიბერალებო და ფანატიკოსებო თქვენი თავი მართლები გგონიათ. ჩვენი მუდმივი განახლება ხდება აღსარებით და ზიარებით, თქვენ კი რაც კარგი გაქვთ თანდათან ისიც გერთმევათ.
ბოდიშის მოხდით კვლავ მინდა შევეხო სარწმუნოებრივ მართლმადიდებლურ თემას. ზოგნი ამბობს რომ, რუსეთი მართმადიდებლობის დამცველია და ასე შემდეგ. რათქმა უნდა რუსეთში არსებობს მართლმადიდებლობა როგორც სხვადასხვა ერებში და მხოლოდ მცირედნია რომლებიც ჭეშმარიტად ეთაყანებიან და ემორჩილებიან ღმერთს. ხოლო რუსეთის სახელმწიფო, როგორც ყოველთვის ისტორიის მანძილზე სულ ებრძოდა მართლმადიდებლობის სახელით, ქრისტეს სახელით, არუსებდა და დღესაც არუსებს სხვადასხვა ერებს, ესე გვექცევა ჩვენც. ეს არ არის მართლმადიდებლობა! ეს ბორტებაა.
როდესაც ებრაელები ანუ ქრისტეს მოციქულები შემოვიდნენ საქართველოში მათ არ მოუთხოვიათ ჩვენთვის გაებრაელება, პირიქით გვითხრეს, რომ თქვენს ენაზე ადიდეთ ღმერთი. გვიქადაგეს და გვასწავლეს ჭეშმარიტება თუ როგორ უნდა გადავურჩეთ ამსოფლიურ მამონას.
ეკლესიის თავი იესო ქრისტეა და მხოლოდ ერთადერთია ქრისტეს ეკლესია, რომელიც გადარჩება, როგორც ნოეს კიდობანი. რა თქმა უნდა ვეთანხმები ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამბობენ რომ ეკლესიაში ცოდვილები და დაცემული ადამიანები ხართო. საინტერესოა თქვენ არახართ ცოდვილები და დაცემულები? თქვენ არ გჭირდებათ განახლება?
იმაშიც გეთანხმებით, რომ ზოგი პრორუსია ზოგი გარყვნილია, თუ სექტანტია, მწვალებელია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ადამიანები მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვერ ქმნიან ამინდს, იმიტომ რომ ეკლესიის თავი იესო ქრისტეა, ყოველთვის გამოიძებნება ეკლესიაში ისეთი ეპისკოპოსები თუ პატრიარქები, სამღვდელოება და ერის კაცები, რომლებიც ცხოვრობენ ქრისტეს მცნებებით, რაც არ უნდა მცირედნი იყვნენ ისინი. ამიტომაა, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან მას.
ბევრი რამ მინდა და ვისაუბრო ჩემო ძვირფასო ქართულო საზოგადოებავ ამ თემაზე, მაგრამ მინდა ყველას მოგიწოდოთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ერთმანეთის აზრი, მივიდეთ ეკლესიაში გავხდეთ ქრისტიანები და ნუკი ვუყურებთ მღვდლის ან ეპისკოპოსის ცოდვებს არამედ ჩვენი ცოდვები ვაღიაროთ ღვთის წინაშე, გავერთიანდეთ ქრისტეს სახელით და უკეთ დავინახავთ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო საქართველო.
იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი.
წარო: https://www.facebook.com/100003279363590/posts/2260302064089084
ავტორი: კოლხი აიეტი